Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელო“ ითხოვს, 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა გამოიძიოს


ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეს დამოუკიდებელი ინსპექტორი უნდა იძიებდეს. პრესკონფერენციაზე გაერთიანების წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ საქმეს მსუბუქი კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, გამოძიებას კი აწარმოებს პროკურატურა, რომელიც არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ხელს აფარებს სამართალდამცავ ორგანოებს:

„ჩვენ ვხედავთ ნათელ მცდელობას, რომ ეს საქმეც ჩაიფარცხოს და ამ უმძიმეს მკვლელობაზეც არ აღსრულდეს მართლმსაჯულება. კვალიფიკაცია, რომელიც ამ დანაშაულს პროკურატურამ მისცა, არის გაცილებით უფრო მსუბუქი, ვიდრე სინამდვილეში არის მომხდარი და სწორი კვალიფიკაცია რომ მიეცეს ამ საქმეს, მას უნდა იძიებდეს არა პროკურატურა, არამედ სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ საქმის გამოძიება დაიწყოს დამოუკიდებელმა უწყებამ და დაადასტუროს, რომ ის ნამდვილად არის დამოუკიდებელი და არ არის კიდევ ერთი ბუტაფორიული ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ ხელში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე. მას 7 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზურაბ ფოფხაძეს პროკურატურამ ბრალი 6 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

24 წლის მურად წურწუმია ნაწამები 3 იანვრის დილით იპოვეს. ოჯახი მურად წურწუმიას წამებით სიკვდილში სპეცრაზმელებს ადანაშაულებს და ზურაბ ფოფხაძის გარდა, კიდევ ერთი პირის დასჯას ითხოვს.

პროკურატურის თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე, კონფლიქტი, რომლის დროსაც შსს-ს თანამშრომელმა მურად წურწუმია მოკლა, ავტომანქანის გამო დაიწყო. საგამოძიებო უწყების თანახმად, ძმები ბრალდებულ ზ.ფ- ს ავტომანქანას „მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“.

„ბრალდებული ზ.ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ. ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 5 იანვარს, ზ.ფ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველომ დააკავა“, - აღნიშნავს პროკურატურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG