Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრად გია ქარცივაძე აირჩიეს


გია ქარცივაძე
გია ქარცივაძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, გია ქარცივაძე გახდა. გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. გია ქარცივაძის კანდიდატურას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა.

გია ქარცივაძე ამ დრომდე მუშაობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 5-დან 4 წევრის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის ოქტომბერში, 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს მიერ „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით არჩეულ ნატა იმედაიშვილს, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატ გიორგი ირემაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს. საბჭოს მეხუთე წევრი გიგა ჩხარტიშვილი „ქართული ოცნების“ კვოტით 2018 წელს აირჩიეს მას შემდეგ, რაც საბჭო საკუთარი სურვილით დატოვა ზაზა ხალვაშმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 ახალი წევრის ასარჩევად კონკურსი 2019 წლის აგვისტოში გამოცხადდა. საბჭოს სამი წევრი - თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამილა წილოსანი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს აირჩია.

არსებული მდგომარეობით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 3 წევრი „ქართული ოცნების“ კვოტითაა წარდგენილი, 1 - დამოუკიდებელი დეპუტატის, 1 - ოპოზიციის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG