Accessibility links

logo-print logo-print

პენიტენციური სამსახური დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ გასცემს


პენიტენციურ სამსახურში, მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მას ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი მიეწოდება. რას მოიცავს სერვისი და რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მსჯავრდებულ დეკანოზს, ამ საკითხზე პენიტენციურ სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და ადვოკატთან შესახვედრად საკაცით დაჰყავთ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. 2020 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა. იმავე დღეს მან შიმშილობა დაიწყო.

გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ შეწყალებაზე უარი არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ პირადად კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილება იყო, რადგან მას ეშინია ინფორმაციის, რომელსაც დეკანოზი ფლობს.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG