Accessibility links

logo-print logo-print

ირანული მედიის ცნობით, თეირანი უარს ამბობს "ბოინგის" ე.წ. შავი ყუთების გადაცემაზე


"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ცხედრები

ირანი არ აპირებს, ვინმეს გადასცეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთები. ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი იუწყება სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ალი აბედზადეზე დაყრდნობით. მისი განცხადებით, ნათელი არ არის, რომელ ქვეყანას უნდა გადასცეს ირანმა საბორტო თვითჩამწერები მონაცემთა გასაანალიზებლად.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვადიმ პრისტაიკომ ტვიტერზე დაწერა, რომ ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფს და შეთანხმდნენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზთა დასადგენად საგამოძიებო ჯგუფები კოორდინირებულად იმოქმედებენ.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი „ბოინგ 737" დღეს, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

თვითმფრინავში, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.

ირანული მხარის ვერსიით, კატასტროფა ძრავში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ აცხადებს, რომ თვითმფრინავი სრულ წესრიგში იყო.

უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ამერიკულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ფრენა ერაყის, ირანის და სპარსეთისა და ომანის ყურეთა საჰაერო სივრცეში.

ფედერალურმა სააგენტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 იანვარს, ირანმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ერაყის ბაზებზე მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ამ სამხედრო სამხედრო ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა.

8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ერაყში ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიში იყო შურისძიება გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG