Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: გრიპსა და გრიპისმაგვარ დაავადებებზე მომართვიანობა შემცირებულია


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ქვეყანაში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება. მისივე თქმით, შემცირებულია სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც:

„თუ, ვთქვათ, დეკემბრის ბოლო კვირაში გვქონდა 312 შემთხვევა 100 000 სულ მოსახლეზე, ეხლა არის 191 შემთხვევა - 100 000 მოსახლეზე. ეს კლებაა, როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ისე დეკემბრის ბოლო კვირასთან მიმართებაში. მაგრამ ოდნავ მატებაა, 3 %-ით ეგრეთ წოდებული მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19 %-დან, რომელიც დეკემბრის ბოლო კვირაში იყო, იანვრის პირველ კვირაში 22 %-მდე გაიზარდა“, - მედიასთან კომენტარში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გრიპის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად ემორჩილება კონტროლს. შესაბამისად, მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა რეკომენდაციას სასწავლო პროცესის გადადების ან სასწავლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივების შესახებ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაავადების შემთხვევათა 80 %-ში ცირკულირებს გრიპის შედარებით მსუბუქი ფორმა, B ტიპის ვირუსი, დანარჩენი კი გრიპის A ტიპის ვირუსისა და H1N1-ის შემთხვევებია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, გრიპის მიმდინარე სეზონზე ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 2 შემთხვევა იყო. გარდაცვლილებს, ცენტრის ცნობით, H1N1 ვირუსი ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG