Accessibility links

მამალაძის თქმით, გამოქვეყნდება მტკიცებულებები საპატრიარქოში პედოფილიასა და ინცესტზე


მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, რამდენიმე დღეში საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია, ეკლესიაში არსებული ვითარების შესახებ.

თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა გაცნობის შემდეგ საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება.

„საზოგადოებას მიეწოდება მტკიცებულებები ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც საპატრიარქოში არსებობს: პედოფილია, მამათმავლობა, ინცესტის პრობლემები. ამ დღეებში დაიწყება და ეტაპობრივად მიეწოდება ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია. ეს იქნება მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რის შემდეგაც საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება. ეს გულდასაწყვეტია, რადგან მომდინარეობს საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან და თავად პატრიარქისგან. ეს მათი ცხოვრების ყოველდღიურობაა. ჩვენ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რადგან ის ეკლესიის ნაწილია და უნდა იცოდეს, ეკლესიის სათავეში ვინ დგას. არიან მოწმეები და ყველაფერი დამტკიცდება. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იდგნენ საშობაო წირვის წინა ფლანგზე, მათ შორის, როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, არის კათოლიკოს-პატრიარქი“, - თქვა თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძემ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„ჩემმა ძმამ შიმშილობა იმიტომ გამოაცხადა, რომ არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო დახმარება. ითხოვს, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, შეძლოს „მატროსოვის“ ციხეში დაბრუნება და უკანონო მსჯავრის მოხდა. ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა შიმშილობას“, - ამბობს თორნიკე მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG