Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორის თქმით, არ დასტურდება, რომ მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა დაკარგული


სამედიცინო დოკუმენტაციისა და ექიმების ჩვენებებზე დაყრდნობით, როგორც 24 წლის მურად წურწუმიას საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე ამბობს, არ დასტურდება, რომ გარდაცვლილს თვალი ჰქონდა დაკარგული.

„გვყავს დაკითხული ექიმები, სასწრაფოს ექიმი, ექიმი, რომელმაც პირველადი მიღება ჩაატარა საავადმყოფოში“, - გუმბერიძე.

პროკურორის თქმით, მურად წურწუმია საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

„ორივე შემთხვევაში ექიმი წერს, ისევე, როგორც სამედიცინო დოკუმენტაციაში, ასევე ჩვენთან ჩვენებებში, რომ ორივე თვალი მათ მიერ დეტალურად იქნა დათვალიერებული და მდგომარეობა, რომ კომატოზურ მდგომარეობაში იყო, თვალების მდგომარეობითაც დგინდებოდა. ანუ ეს ის ფაქტია, რომ აქ რაიმე დანაკლისი ან თვალის არქონაზე საუბარი გამორიცხულია“, - აღნიშნა პროკურორმა.

დავით გუმბერიძემ განმარტა, რომ ექიმს საკმაოდ დეტალურად აქვს აღწერილი დაზიანებები, ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ კი გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული დათვალიერების პასუხი საზოგადოებას ეცნობება.

განახლებული ინფორმაცია:

პროკურატურის ცნობით, ექსპერტმა გარდაცვლილი მურად წურწუმიას გვამის განმეორებით დათვალიერების შედეგად არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება. როგორც პროკურატურა აცხადებს, ექსპერტმა გვამი ხელმეორედ, ოჯახის თანდასწრებით დაათვალიერა.

„დედას ჰქონდა კითხვები კონკრეტულად თვალთან დაკავშირებით და საჯაროდ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წამების შედეგად თვალი არ აქვს გარდაცვლილს. ჩვენ გვქონდა სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე ექიმების ჩვენებები და, რა თქმა უნდა, შემოწმებული იყო გარდაცვლილი. შესაბამისად, მოვედით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაზარალებულმა ნახოს, დარწმუნდეს და კითხვის ნიშნები არ დარჩეს როგორც გამოძიებასთან, ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“- თქვა პროკურორმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2 იანვარს თბილისში ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად, ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი.

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე 6 იანვარს დააკავეს შსს-ს მოქმედი თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე. ვახტანგ ბურძენიძე კი 8 იანვარს დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG