Accessibility links

logo-print logo-print

მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტაზე იმსჯელებს


საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს.

10 საათზე დაინიშნული სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხია „საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის შესახებ“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პორტის მშენებლობის პირველი ფაზის დაფინანსების ვადა 2017 წლის აგვისტოს შემდეგ რამდენჯერმე გადაუვადდა. ბოლო ვადა 2019 წლის 31 დეკემბერი იყო. მის ამოწურვამდე მთავრობა კონსორციუმისგან ელოდებოდა:

- 120 მილიონი დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის მოზიდვაზე პოტენციურ ინვესტორებთან ხელმოწერილ სავალდებულო ხელშეკრულებებს;

- საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილ წინასწარ შეთანხმებებს 400 მილიონი დოლარის სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომლებიც მისაღები იქნება საქართველოს მთავრობისთვის.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს პროექტის განხორციელების მიზანმიმართულად შეფერხებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG