Accessibility links

ცემის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს


საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება თბილისში, „დამპალოს სასაფლაოზე“ 2 იანვარს მომხდარი ინციდენტის შედეგად, მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მიმდინარეობის და კიდევ ერთი ბრალდებულის დაკავების შესახებ.

8 იანვარს, თბილისში დააკავეს ვახტანგ ბურძენაძე, რომელმაც 2 იანვარს, შსს-ს თანამშრომელ ზურაბ ფოფხაძესთან ერთად, მურად წურწუმიას მიაყენა სიკვდილის გამომწვევი დაზიანებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი ზურაბ ფოფხაძე პოლიციამ 5 იანვარს დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს, 9 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, 6 იანვარს, მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო გარდაცვლილის დედა და დაზარალებულად მუხრან ჩხვირკია, რომელიც სასაფლაოზე მურად წურწუმიასთან ერთად იმყოფებოდა.

პროკურატურის განცხადებით, „ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია იმყოფებოდნენ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მუხრან ჩხვირკიას და გარდაცვლილ მურად წურწუმიას მიერ ბრალდებულ ზ.ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ავტომანქანის შეჯახების შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბრალდებულებმა ზ. ფ.-მ და ვ.ბ.-მ ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რის გამოც 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“.

პროკურატურის ინფორმაციით, უმოკლეს პერიოდში ჩატარდა 70-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის სამედიცინო პერსონალი, დაინიშნა ექსპერტიზა და დამატებით გამოიკითხა დაზარალებული: „როგორც ექიმების გამოკითხვის ოქმებით, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდებოდა მურად წურწუმიას თვალის დაკარგვის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ოჯახთან შეთანხმებით, 8 იანვარს, ექსპერტის მონაწილეობით, ხელახლა, დამატებით განხორციელდა გარდაცვლილი მურად წურწუმიას გარეგნული დათვალიერება, რის შედეგადაც, ასევე არ დადასტურდა თვალის დაკარგვის ფაქტი“.

მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG