Accessibility links

logo-print logo-print

ოპოზიცია ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტაში ივანიშვილის ინტერესებს ხედავს


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პირადად ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ინტერესებს უკავშირებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

„მსოფლიოში არის ორად ორი მთავრობა, რომელიც ემტერება ანაკლიის პროექტს. ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელიც ერთს საუბრობდა, მაგრამ რეალურად, ძირს უთხრიდა პროექტს და მეორე არის რუსეთის მთავრობა“, - უთხრა მედიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა. მისი თქმით, ვითარება შეიცვლება ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩამოშორების შემდეგ.

მთავრობის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ: "ანაკლიას აქვს გადამწყვეტი როლი ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის, მაგრამ "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა, მათ მხოლოდ პერსონალური ინტერესები ამოძრავებთ“.

„საზოგადოებისთვის ნათელი იყო, რომ ხელისუფლება არ აპირებდა ანაკლიის პორტის პროექტის გაგრძელებას იმ კონსორციუმის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობას ითვალისწინებდა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, რომ ანაკლიის პორტის საკითხი, თუ მას აღსრულება უწერია, საკუთარ ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს დაუქვემდებაროს და პროცესში შეიყვანოს უშუალო კონტროლქვეშ მყოფი ჯგუფები: „ამიტომ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დროზე ჩამოშორდეს ქვეყანას, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის პროექტი განხორციელდეს საერთაშორისო ინვესტორებისა და კონსორციუმის მონაწილეობით“.

საქართველოს მთავრობამ დღეს, 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG