Accessibility links

logo-print logo-print

ზალკალიანი: ახლო აღმოსავლეთის საკითხზე უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ არსებობს


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარების საკითხზე უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა ამ მომენტისთვის არ არსებობს:

„ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს და ვართ მჭიდრო კომუნიკაციაში, როგორც ქვეყნის შიგნით ყველა შესაბამისი უწყებასთან , ისე ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, უშიშროების საბჭოს ფორმატში საკითხზე შიდა კომუნიკაცია გაიმართა:

„იგივე უშიშროების საბჭოს შემადგენლობის ფორმატში შიგნითაც გვქონდა კომუნიკაცია, პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე იმ უწყებებთან, რომლებიც არიან წარმოდგენილნი უშიშროების საბჭოს ფორმატში და ვიყავით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ პარტნიორებთან“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში კომუნიკაცია შედგა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა რწმუნებულთან და სხვა პარტნიორებთან იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და რეგიონში სიტუაციის ესკალაციას.

„ჩვენს ინტერესებში იყო სიტუაციის დეესკალაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ პროცესები წავიდეს დეესკალაციის მიმართულებით, აქტიურად იყოს ჩართული ყველა დიპლომატიური მექანიზმი და ამოქმედებული ყველა დიპლომატიური საშუალება, რათა სიტუაციის განმუხტვის ყველა საშუალება მოიძებნოს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს საელჩოს იორდანიაში აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ძირითადად ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში არიან.

„იყო და უკვე გვაქვს მიღებული ზომები იმასთან დაკავშირებით, ცუდი სცენარის პირობებში როგორ მოხდებოდა საქართველოს მოქალაქეების დახმარება. ისინი მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს საელჩოსთან. ჩვენ არ გვაქვს საელჩო ბაღდადში, ერაყში, მაგრამ ვფარავთ იორდანიიდან და სწორედ ამ საელჩოს დახმარებით ხდებოდა კომუნიკაცია. ნებისმიერი სცენარის განვითარების პირობებში, ჩვენ მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით აქტიური კომუნიკაციისთვის ჩვენს მოქალაქეებთან. ეს დავალება პირველი დღეებიდანვე მიღებული გვქონდა პრემიერ-მინისტრისგან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა 9 იანვარს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG