Accessibility links

აფხაზეთში ოპოზიცია ცდილობს დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციაში შეღწევას


სოხუმში აქციას მართავენ ადგილობრივი ოპოზციური პარტიები "ამცახარა" და "ერთიანი აფხაზეთი". რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ აქციის მონაწილეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შესვლას ცდილობენ. ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას და ძალოვანი უწყებების მოქმედებებს.

ადგილზე სამართლადმაცველები იმყოფებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობაში შეღწევის საშუალებას არ აძლევენ.

6 იანვარს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მომხარეებს მოუწოდეს, 9 იანვარს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოედანზე შეკრებილიყვნენ.

„აფხაზეთის მოქალაქეებო, დადგა დრო ჩვენი სამშობლოს დასაცავად დავდგეთ, პატრიოტების სისხლით მოპოვებული ჩვენი ქვეყანა დამნაშავე ხელისუფლების მიერ ცუდად მართულ ტერიტორიად იქცა“,- ნათქვამია ოპოზიციური პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ მიმართვაში.

პარტია „ამცახარის“ განცხადებით, აფხაზეთის მოქალაქეები თავს დაცულად ვერ გრძნობენ, „ხელისუფლების საკონსტიტუციო განუკითხაობის ფონზე“ და სამართალდამცავი უწყებები რაულ ხაჯიმბას პირად გვარდიად იქცა.

„მხოლოდ იმ დანაშაულთა გამოძიება ხდება, რომლებიც არანაირ ზიანს არ მოუტანს ხელისუფლების იმიჯს“,- ნათქვამია „ამცახარის“ მიმართვაში.

აქციამდე ცოტა ხნით აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელით ის მოითხოვდა, „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გადაწყვეტილების გაბათილებას.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა.

9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ.

11 სექტემბერს მხარადამჭერებთან შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, არჩევნები მისი გამარჯვებით დასრულდა და ამას სასამართლოც დაადასტურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG