Accessibility links

logo-print logo-print

ხაზარაძე: მთავრობამ დაასრულა სპეცოპერციის პირველი ეტაპი ანაკლიის პორტის გასაჩერებლად


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებლმა, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კრემლის დავალების შესრულებად შეაფასა მთავრობის გადაწყვეტილება კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

ხაზარაძის განცხადებით, "მთავრობამ, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, დაასრულა პირველი ეტაპი სპეცოპერაციის, რომელიც ანაკლიის პორტის გაჩერებას გულისხმობს.“

„მინდა ვუთხრა პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მან კი შეასრულა ამ ეტაპზე კრემლის დავალება, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპატიებს მას, არ აპატიებს იმას, რომ მან გააჩერა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, ქართველი ხალხი ისევე გაუწყვეტს კონტრაქტს ბიძინა ივანიშვილს და მის დესტრუქციულ „ოცნებას“, როგორც მან გაუწყვიტა კონტრაქტი ქვეყნის მომავალს.

„ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შესრულებული იყო. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა დესტრუქტციული ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტის განხორციელებას. ყველა ამ საკითხზე იქნება საკმაოდ სერიოზული დავა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მან ანაკლიის პორტის პროექტზე "ორკესტრირებულ შეტევაში" დაადანაშაულა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ხაზარაძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან დავა საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობამ დღეს, 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG