Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიშმარია: აფხაზური არმია არასდროს იქნება გამოყენებული თავისი ხალხის წინააღმდეგ


ოპოზიციის აქცია სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. 2020 წლის 9 იანვარი
ოპოზიციის აქცია სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. 2020 წლის 9 იანვარი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია აცხადებს, რომ „არმია“ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს. „ჩვენთან ისედაც ბევრი სისხლი დაიღვარა და ბევრი თანამოქალაქე დავკარგეთ, ამიტომ აფხაზური არმია არასდროს იქნება გამოყენებული თავისი ხალხის წინააღმდეგ“, - უთხრა ქიშმარიამ რუსულ სააგენტო „ინტერფაქსს“.

დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, კომპრომისი გამოძებნონ და ხალხს შეუქცევადი შედეგებისკენ ნუ უბიძგებენ.

სოხუმში, სადაც 9 იანვარს ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია განიხილავდა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაუქმების შესახებ, დღისით დაიწყო ოპოზიციური პარტიების „ამცახარასა“ და „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

მოგვიანებით, სოხუმშის ცენტრში შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. იგი უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. ახრა ავიძბა 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“ ალხას ავიძბას ბიძაშვილია. ალხას ავიძბასთან ერთად კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, ასტამურ შამბა მოკლეს.

სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით რაულ ხაჯიმბას მიმართა, თანამდებობიდან გადადგეს დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. საპასუხოდ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ კანდიდატს, ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა. 9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ მან სასამართლოში იჩივლა.

9 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების თაობაზე და საქმის განხილვა გაურკვეველი დროით გადადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG