Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს "აფხაზეთის საშინაო საქმედ" აფასებს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული განცხადების თანახმად, სოხუმში განვითარებული მოვლენები „ქვეყნის საშინაო საქმეა“:

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს სოხუმში შიდაპოლიტიკური სიტუაციის განვითარებას. მომხდარს ვაფასებთ, როგორც ქვეყნის საშინაო საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესებული მხარეები აფხაზეთში სამართლებრივ ჩარჩოში, პირდაპირი, მშვიდობიანი დიალოგის გზით შეძლებენ ვითარების სწრაფ სტაბილიზებას“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოხუმში, სადაც 9 იანვარს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია განიხილავდა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაუქმების შესახებ, დღისით დაიწყო ოპოზიციური პარტიების „ამცახარასა“ და „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

მოგვიანებით, სოხუმშის ცენტრში შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. იგი 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“ ალხას ავიძბას ბიძაშვილია. ალხას ავიძბასთან ერთად კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, ასტამურ შამბა მოკლეს.

სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით რაულ ხაჯიმბას მიმართა, თანამდებობიდან გადადგეს დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. საპასუხოდ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ კანდიდატს, ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა. 9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ მან სასამართლოში იჩივლა.

9 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების თაობაზე და საქმის განხილვა გაურკვეველი დროით გადადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG