Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდება გამორიცხული არ არის, მაგრამ ჯერ დაუდასტურებელია


9 იანვარს პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევის აეროპორტში პატივი მიაგო "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლთ
9 იანვარს პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევის აეროპორტში პატივი მიაგო "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის რაკეტით ჩამოდგების ვერსია ჯერჯერობით დაუდასტურებელია.

„თვითმფრინავისთვის რაკეტის მოხვედრის ვერსია გამორიცხული არ არის, მაგრამ დღესდღეობით დადასტურებული არ არის“, - ნათქვამია ზელენსკის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტი ყველა საერთაშორისო პარტნიორს, პირველ ყოვლისა, აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს მოუწოდებს, საგამოძიებო კომისიას წარუდგინონ კატასტროფასთან დაკავშირებული მონაცემები და მტკიცებულებები.

ზელენსკის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზთა გამოძიების შესახებ სატელეფონო საუბარს გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან.

პრეზიდენტი ასევე წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებას მუდმივი კავშირი აქვს უკრაინელ სპეციალისტებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ავიაკატასტროფის მიზეზთა გამოძიებაში.

„ჩვენი მიზანია დადგინდეს უდავო ჭეშმარიტება. ამას მივიჩნევთ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულებად დაღუპულთა ოჯახების და კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე. ადამიანის სიცოცხლე ნებისმიერ პოლიტიკურ მოტივზე მაღალი ფასეულობაა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

9 იანვარს, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, უკრაინის სამგზავრო ავიალაინერი ირანის რაკეტამ ჩამოაგდო: „მოგვეპოვება ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, ჩვენი მოკავშირეებისგან და საკუთარი დაზვერვიდან. მტკიცებულებები იმაზე მიანიშნებს, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია ირანის მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტით“. ტრუდომ დასძინა, რომ ეს შესაძლოა, წინასწარი განზრახვის გარეშე მოხდა. დაახლოებით ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც. აშშ-ის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენლებმა ასევე თქვეს, რომ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, რაზეც მიუთითებს სატელიტური, რადიოლოკაციური და ელექტრონული მონაცემები.

თეირანი ამ ვერსიას უარყოფს და დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდებს, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ფლობენ, ირანის შესაბამის სამსახურებს გადასცენ. გარდა ამისა, ირანმა აშშ-ს, კანადასა და უკრაინას შესთავაზა მონაწილეობა კატასტროფის მიზეზთა გამოძიებაში.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი და 167 მგზავრი. ყველა მათგანი დაიღუპა - უკრაინის 11, ირანის 82, კანადის 63, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიის 3 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.

ირანული მხარის პირველადი ვერსიით, კატასტროფა ძრავში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ აცხადებს, რომ თვითმფრინავი სრულ წესრიგში იყო და მას გამოცდილი ეკიპაჟი მართავდა.

ავიაკატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე, ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა ერაყის ბაზებზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG