Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბას მომხრეებს სოხუმის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდეს


ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოხუმში საპროტესტო გამოსვლები 9 იანვარს დაიწყეს
ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოხუმში საპროტესტო გამოსვლები 9 იანვარს დაიწყეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა დაურ არშბამ ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მომხრეებს მოუწოდა, ადგილობრივი დროით 15 საათზე (თბილისის დროით 16:00 საათი) სოხუმის ცენტრში, მთავრობის შენობასთან შეიკრიბონ.

„თქვენთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტს გადადგომა შესთავაზეს და იცით მისი პასუხიც. მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს პრეზიდენტს“, - განაცხადა არშბამ. რუსული სააგენტო „ტასის“ კორესპონდენტი სოხუმიდან იუწყება, რომ დღის ორი საათისთვის სამთავრობო შენობასთან უკვე იმყოფებოდა ხაჯიმბას ორასამდე მომხრე.

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა აცხადებს, რომ „პრეზიდენტი“ თავის უფლება-მოვალეობებს ასრულებს და არავის მიერ შეზღუდული არ არის. კილბას ინფორმაციით, „პრეზიდენტის“ ადმინისტრაცია სამუშაოდ დროებით გადავიდა „მთავრობის“ შენობაში.

პარალელურად, სოხუმის ცენტრში გრძელდება ოპოზიციის მიტინგი. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში რჩებიან 9 იანვარს შეჭრილი პირები.

დღეს, 10 იანვარს, ოპოზიციამ სპეციალური შტაბი შექმნა. პარტია „ამცახარას“ წევრმა რამაზ ჯოპუამ განაცხადა, რომ არ დაიშლებიან, სანამ ხაჯიმბა არ გადადგება და ახალი „საპრეზიდენტო არჩევნები“ არ ჩატარდება. ოპოზიციური ძალების ლიდერმა, მოსკოვიდან სოხუმში 9 იანვარს დაბრუნებულმა ასლან ბჟანიამ დღეს, 10 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, თუ საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ, თავდაცვისთვის საჭირო ზომებს მიიღებენ.

სოხუმში, სადაც 9 იანვარს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია განიხილავდა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაუქმების თაობაზე, დღისით დაიწყო ოპოზიციური პარტიების „ამცახარასა“ და „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

მოგვიანებით, სოხუმშის ცენტრში შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. იგი 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“, ალხას ავიძბას ბიძაშვილია.

სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით რაულ ხაჯიმბას მიმართა, თანამდებობიდან გადადგეს დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. საპასუხოდ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ კანდიდატ ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა. 9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ მან სასამართლოში იჩივლა.

9 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების თაობაზე. ე.წ. სასამართლო სარჩელის განხილვას დღეს, 10 იანვარს გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG