Accessibility links

logo-print logo-print

ბულგარეთში გარემოს დაცვის მინისტრი დააკავეს წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მღელვარების შემდეგ


მინისტრი ნენო დიმოვი

ბულგარეთის პროკურატურამ 24 საათით დააკავა ქვეყნის გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების მინისტრი ქალაქ პერნიკში სასმელი წყლის შეფერხებით მიწოდების გამო, რაც ანტისამთავრობო დემონსტრაციების მიზეზი გახდა.

პროკურატურას არ წარმოუდგენია ოფიციალური მიზეზი, რის საფუძველზე დააკავეს 9 იანვარს​ ნენო დიმოვი.

ბულგარელმა მინისტრმა, რომელსაც პოლიციის მანქანაში სვამდნენ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი სრულად ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

გასულ თვეში პროკურორმა კრაზიმირა მინჩევმა, რომელიც უშუალოდ ჩავიდა ქალაქ პერნიკში, მინისტრი დიმოვი დაადანაშაულა „უმოქმედობაში“, რამაც „ზიანი მიაყენა ადამიანების ჯანმრთელობას“.

სოფიიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ პერნიკში, სადაც 70 ათასი კაცი ცხოვრობს, უკმაყოფილების ტალღა აზვირთდა შარშანდელი 18 ნოემბრიდან, რის მიზეზიც გახდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წყლის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები.

თავიდან მოსახლეობას დღე-ღამეში სასმელი წყალი 10 საათის განმავლობაში მიეწოდებოდა, მაგრამ ბოლო ხანს წყლის მიწოდება 7 საათამდე შეიზღუდა.

მძიმე მდგომარეობაა ასევე ქალაქ პერნიკის გარშემო მდებარე რამდენიმე სოფელში.

ბულგარეთის ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ 20 იანვარს პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობისადმი უნდობლობის საკითხს დააყენებს საკანონმდებლო ორგანოში.

მაგრამ ვინაიდან ბულგარეთის მთავრობას პარლამენტში ჰყავს თავისი უმრავლესობა და ასევე რამდენიმე მომხრე მცირე პარტია, უნდობლობის გამოცხადება ნაკლებსავარაუდოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG