Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთში სიტუაციას ვერ აკონტროლებს


ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ დე ფაქტო აფხაზეთში რუსეთი სიტუაციას ვერ აკონტროლებს. „ის მხოლოდ ე.წ. საკუთარ ინტერესებს აკონტროლებს აფხაზეთში“, - განაცხადა მედიასთან კომენტარში ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ბერკეტებს საერთაშორისო საზოგადოების ჩასართავად:

„ჩვენ საქმე გვაქვს მძიმე უკონტროლო სიტუაციასთან. თუმცა ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ცხადია, გვსურს, რომ აფხაზეთში სიტუაცია იყოს მშვიდი, ვინაიდან იქ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები. და ცხადია, ჩვენ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სოხუმში, სადაც 9 იანვარს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია განიხილავდა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაუქმების თაობაზე, დღისით დაიწყო ოპოზიციური პარტიების „ამცახარასა“ და „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

მოგვიანებით, სოხუმშის ცენტრში შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. იგი 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“, ალხას ავიძბას ბიძაშვილია.

სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით რაულ ხაჯიმბას მიმართა, თანამდებობიდან გადადგეს დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. საპასუხოდ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ კანდიდატ ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა. 9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ მან სასამართლოში იჩივლა.

9 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების თაობაზე. ე.წ. სასამართლო სარჩელის განხილვას დღეს, 10 იანვარს გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG