Accessibility links

logo-print logo-print

მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირის დასკვნაში ფაქტობრივი უზუსტობებია


დასკვნაში არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ორგანიზაციებისგან ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით.

მისი სიტყვებით, შესაძლოა, იურიდიულმა კომიტეტმა დასკვნაზე პასუხიც მოამზადოს.

„დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ელემენტებს პროგრესთან, რეფორმასთან დაკავშირებით, კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი, რომლის ანალოგი გამჭვირვალობის და ღიაობის თვალსაზრისით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში არ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილიც. იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ორგანიზაციებისგან ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ. არის საკითხები, რომლებიც არის კონტექსტიდან ამოვარდნილი, არის ფაქტობრივი უზუსტობები და ფაქტობრივ უზუსტობებზე დაყრდნობით კრიტიკა რამდენად რეალურია, თქვენ თვითონაც ხვდებით. იმდენი და იმდენად უხერხული ფაქტობრივი უზუსტობაა, არ ვსაუბრობ შეფასებაზე, რომ მგონია, იურიდიული კომიტეტი მოამზადებს თავის პასუხს ან განმარტებას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას და აღნიშნა, რომ მათგან სპეკულაციებს უმრავლესობა მიეჩვია.

„ამას სჭირდება უდიდესი ძალისხმევა თავხედობის კუთხით, რომ ამ დასკვნაზე თქვა, ამის გამო შეიძლება ვიღაცამ არ მოინდომოს კომუნიკაცია უმრავლესობასთან. სამწუხაროდ, ჩვენ წელს ამას კიდევ უფრო მივეჩვევით, რომ ოპოზიციის სპეკულაციის ხარისხი იქნება ცაში და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ვიბრძოლებთ იმ სიცრუის წინააღმდეგ, რასაც ისინი აკეთებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ მეორე ანგარიში 9 იანვარს გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხს საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევით სწავლობდნენ.

მოცულობითი ანგარიშის თანახმად, პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, თუმცა ვერ უზრუნველყო, რომ პროცესი დაცული ყოფილიყო მიკერძოებული პოლიტიკისგან და თანხვედრაში ყოფილიყო კარგ საერთაშორისო პრაქტიკასთან.

„საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის ბოლოდროინდელი რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, თუმცა, სამართლებრივი ჩარჩო არ არის პრევენციული ხასიათის მატარებელი, პროცესზე მიკერძოებული პოლიტიკის გავლენის წინააღმდეგ და არ იძლევა გარანტიას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ობიექტური, დამსახურების შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. პროცესის მიმდინარეობისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პარლამეტს მეტი ძალისხმევა დასჭირდა პროცესის დასარეგულირებლად, რათა უზრუნველყოფილიყო ობიექტურობა, სამართლიანობა, თანმიმდევრულობა და წესრიგი, და ასევე გადაჭრილიყო ინსტიტუციისა და პროცესისადმი საზოგადოებრივი ნდობის საკითხი. აგრეთვე მოსამართლეთა დასანიშნად პლენარული კენჭისყრის გაგრძელების გადაწყვეტილება, პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციის ბოიკოტის, პროცესის გადადების მოწოდების და კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე არსებული მნიშვნელოვანი შეფერხებების ფონზე ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიზნის გულწრფელობას - პროცესი ყოფილიყო ღია, გამჭვირვალე, რომელიც უზრუნველყოფს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ზრდის საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG