Accessibility links

კრემლის პროვოკატორები უკრაინელ ნეონაცისტებს შორის


ედუარდ კოვალენკო ერთ-ერთ შეკრებაზე

უკრაინის ხელისუფლებისა და დონბასელი სეპარატისტების (ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების) მიერ პატიმართა ბოლო გაცვლის დროს საპატიმროდან გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდა უკრაინული ნაციონალისტური პარტიის (УНА-УНСО) ყოფილი ხელმძღვანელი, ედუარდ კოვალენკო.

მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი პრორუსმა სეპარატისტებმა კი არ გაცვალეს უკრაინაში მყოფ რომელიმე თავის მომხრეზე, არამედ პირიქით: კოვალენკო კიევიდან ლუგანსკში გაემგზავრა.

გათავისუფლების შემდეგ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები კოვალენკოზე წერდნენ, როგორც უკრაინის ქალაქ გენიჩესკში 2015 წელს „უკრაინის არმიაში მოსახლეობის მობილიზაციის წინააღმდეგ მიმართული მიტინგების“ ორგანიზატორზე.

კოვალენკო მართლაც აწყობდა ანტისაომარ მიტინგებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე გაგანია ომის დროს, მათ შორის, თავის მომხრეებთან ერთად პიკეტირებას უკეთებდა გენიჩესკის სამხედრო კომისარიატსა და უკრაინის სამხედრო ნაწილებს, რისთვისაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ​მიუსაჯეს.

ვიქტორ იუშჩენკოს „მხარდამჭერი“

მიუხედავად ამისა, უფრო მეტ უკრაინელს იგი სხვა საქმიანობით უფრო ახსოვს: როგორც უკრაინის რადიკალური ნაციონალისტური პარტია УНА-УНСО-ს (უკრაინის ნაციონალური ასამბლეა-უკრაინის სახალხო თავდაცვა) თავმჯდომარე, რომელიც თავის მომხრეებთან ერთად ნეონაცისტური დროშებით აწყობდა მსვლელობებს კიევის ქუჩებში, ხოლო 2004 წელს ამომრჩეველს მოუწოდებდა, ხმა მიეცათ პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოსთვის.

2014 წლის ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ УНА-УНСО და ასევე მისი პარტია, მოძრაობა „მემარჯვენე სექტორი“, ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ცნო და აკრძალა მათი საქმიანობა.

ამჟამად ოკუპირებულ ლუგანსკში მყოფი კოვალენკო აცხადებს, რომ კიევში დაბრუნება სურს.

მისი ასეთი ფორმით გაცვლა შესაძლოა მხოლოდ იმას გაუკვირდეს, ვინც თვალს არ ადევნებს უკრაინის პოლიტიკას 2000-იანი წლებიდან, რადგან უკვე მაშინ უწოდებდნენ ღიად კოვალენკოს კრემლის პროვოკატორს, რომელიც მიზნად ისახავდა ჩრდილი მიეყენებინა ვიქტორ იუშჩენკოსა და „ნარინჯისფერი რევოლუციის“ სხვა მომხრეებისათვის.

ამას გარდა, ედუარდ კოვალენკო აქტიური მონაწილე იყო УНА-УНСО-ში 2002 წელს მომხდარი განხეთქილებისა.

2001 წელს კი პარტიამ მოაწყო აქცია „უკრაინა კუჩმას გარეშე“, რომელიც ერთ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მილიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებით დასრულდა.

იმ დროს პარტიის ლიდერი იყო ნიკოლაი კარპიუკი, რომელსაც 13 წლის შემდეგ, რუსეთში წასვლის დროს, დააპატიმრებენ და 20 წლით პატიმრობას მიუსჯიან ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ჩეჩენ სეპარატისტთა მხარეზე ბრძოლისთვის. ნიკოლაი კარპიუკი 2019 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს კიევსა და მოსკოვს შორის მომხდარი „ტყვეთა დიდი გაცვლის“ დროს.

მაშინ კი, 2001 წელს, როდესაც კარპიუკი სამი წლით ჩასვეს უკრაინის ციხეში, УНА-УНСО-ს ჯგუფმა ისარგებლა ამ ვითარებით და თავის ლიდერად აირჩია ნაკლებად ცნობილი ედუარდ კოვალენკო.

„მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნით“

ახალი წლის წინ გაცვლილ პატიმართა შორის ედუარდ კოვალენკოს მოხვედრას ყურადღება მიაქცია ჟურნალისტმა და ბლოგერმა დენის კაზანსკიმ, რომელმაც მშობლიური დონეცკი 2001 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ მიატოვა.

„ხშირად უკრაინელი ნაციონალისტები, თავიანთი სიტყვითა და საქმით, აშკარად მავნებლებად გამოიყურებიან. მათი ნამოქმედარით ხშირად სარგებლობს რუსეთი და რუსული პროპაგანდა. ყველა ეს რუსი კისელიოვ-სოლოვიოვები (კრემლის მომხრე ჟურნალისტები - რედ.) აიტაცებენ ხოლმე ამ ჩვენი ნაციონალისტების განცხადებებს და მათ იმის მტკიცებულებად ასაღებენ, რომ უკრაინაში მოქმედებს ფაშისტური რეჟიმი, ნაციონალისტური დიქტატურა და სხვა, რაც ტყუილია“, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კაზანსკიმ. ჟურნალისტმა გაიხსენა ედუარდ კოვალენკოს ბიოგრაფიის რამდენიმე დავიწყებული დეტალი და ყურადღება მიაქცია ასევე გაცვლის პროცესში გათავისუფლებულ რამდენიმე საეჭვო პირს, მაგალითად, „ხარკოველ ტერორისტებსა“ და ასევე რუს კრიმინალურ ავტორიტეტს, მეტსახელად დინგოს, 2017 წელს „ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის“ მეთაურის, ადამ ოსმაევის მოკვლას რომ ცდილობდა.

„ბევრი ადამიანი იყო, რომელსაც დონბასში მიმდინარე მოვლენებთან ძნელად თუ აქვს რაიმე კავშირი. ეს იყო ამ კონფლიქტთან დაკავშირებული პატიმრების გაცვლა. უხეშად თუ ვიტყვით, რუსეთმა, უბრალოდ, მოითხოვა ყველა თავისიანის გადაცემა. მათ შორის არის ორი კილერი, ანუ ადამიანები, რომლებსაც არანაირ საბრძოლო მოქმედებასა და პოლიტიკასთან არ ჰქონიათ შეხება. ისინი, უბრალოდ, მსჯავრდებულნი იყვნენ შეკვეთილი მკვლელობისთვის. ერთ-ერთია არტურ დენსულტანოვი, რომელიც ამინა ოკუევასა და მისი ქმრის მოკვლას ცდილობდა, თავდასხმის პროცესში კი თავად შეიპყრეს და დაჭრეს.

ტყვეთა გაცვლის პროცესში გაათავისუფლეს, ასევე, ორ შეკვეთილ მკვლელობაში მსჯავრდებული ხარკოველი, რომელიც 2013 წლამდე რამდენიმე კაცის მკვლელობისათვის იყო ბრალდებული. ამის ახსნა შეუძლებელია, როგორც იტყვიან, რაიმე სახის პოლიტიკური მოტივით“, - აცხადებს დენის კაზანსკი.

ასეთი ფორმით პატიმრების გაცვლის პროცესი გააკრიტიკა ცნობილმა უკრაინელმა კინორეჟისორმა ოლეჰ სენცოვმა, რომელიც თავად იმყოფებოდა შეთითხნილი ბრალდებებით რუსეთის ტყვეობაში.

УНА-УНСО-ში ჩანერგილი პროვოკატორის აღიარება

პატიმრების გაცვლის მოტივით გათავისუფლებისა და მისი პიროვნების თაობაზე დენის კაზანსკის მიერ ფეისბუკის საშუალებით ცნობების გავრცელების შემდეგ, ედუარდ კოვალენკომ დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობა ნაციონალისტურ პარტია УНА-УНСО-ში იყო პარტიის დაშლის მიზნით განხორციელებული „ჩანერგვის ოპერაცია“, ხოლო იუშჩენკოს მხარდამჭერი მსვლელობის გამართვა - პროვოკაცია:

„მე რამდენიმე აქცია ჩავატარე პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს კომპრომეტირებისთვის. მათ შორის იყო ცნობილი მარში კიევის ქუჩებში, რისთვისაც ახლა სურთ, რომ მე ფაშისტად მომნათლონ. კარგად დაგეგმილმა პოლიტტექნოლოგიურმა სვლამ იუშჩენკოს საკმაო ხმები დააკარგვინა, ხოლო „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დასრულების შემდეგ მე მოვახდინე კიევის მერიასთან დარჩენილი „ნარინჯისფერი აქტივისტების“ დარბევის ორგანიზება“, - განაცხადა კოვალენკომ ლუგანსკის საიტ, „დიკოე პოლესთან“, ინტერვიუში.

(პირველი მაიდნის მომხრეთა კარვის ქალაქზე თავდასხმისათვის კოვალენკომ 6 თვე დაყო უკრაინის საგამოძიებო იზოლატორში - რედ.)

ედუარდ კოვალენკოს ისტორია პირველი არ არის, როდესაც რუსეთი უკრაინის დისკრედიტაციას ცდილობს მემარჯვენე რადიკალების გამოყენებით.

2019 წლის მარტში პოლონეთში დაიწყო სასამართლო პროცესი უკრაინის ქალაქ უჟგოროდში უნგრეთის კულტურულ ცენტრში მომხდარი ხანძრის გამჩაღებლებზე.

2018 წელს გაჩენილ ამ ხანძარს ჩრდილი უნდა მიეყენებინა უკრაინის ნაციონალისტური მოძრაობისთვის, მაგრამ სამართალდაცმველებმა შეძლეს ნამდვილი ბოროტმოქმედების დადგენა - ისინი აღმოჩნდნენ არა უკრაინელი, არამედ პოლონელი ნაციონალისტები, რომლებიც, სავარაუდოდ, მოსკოვის შეკვეთით მოქმედებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG