Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დამატებით 6 კანდიდატს, სავარაუდოდ, არ განიხილავენ


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლეთა არჩევის საკითხს განმარტავს.

„ჩვენ ვიცით, ეუთო/ODIHR რეკომენდაცია ასეთია, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები ასეთი იყო და ძალიან საყურადღებოა ეს რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა აღარ აირჩიოს მოსამართლეები. თუმცა არის კანონით დადგენილი პროცედურა და მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ავტომატურად გაგრძელდა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, მოქმედი პარლამენტი მოკლებულია არა კანონისმიერ, არამედ, ზოგადად შესაძლებლობას, რომ კიდევ აირჩიოს დამატებით მოსამართლეები. ასევე, ვფიქრობ, რომ რესურსი იმისა, ჩვენ დავარწმუნოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჩვენ უმეტესწილად გავითვალისწინეთ რეკომენდაციები, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა შევავსოთ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლო მთლიანად, არ არსებობს და რესურსზეც არ არის საუბარი, ამის ნება ჩვენი მხრიდან არ არსებობს”, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

როგორც დეპუტატი ამბობს, ხელაღებით არ შეიძლება იმის თქმა, რომ პროცესი ფორმალურია და აუცილებლად ჩავარდება კანდიდატურები, მაგრამ მან დასძინა: „თუ გნებავთ, ასე მიიღეთ ჩემი მინიშნებაც, რადგან ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კიდევ მეტი რაოდენობა შესაძლებელია ავირჩიოთ უზენაეს სასამართლოში ამ მოწვევის პარლამენტმა, რადგან ჩვენ ვთქვით და იქ დავასრულეთ ამაზე საუბარი, სადაც ოპტიმალურ რაოდენობაზე იყო მინიშნება, რომ კოლეგიები ორ-ორი მაინც, თითო პალატაში უნდა დაკომპლექტებულიყო“.

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 19 კანდიდატს უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად 14 მოსამართლე დაამტკიცეს.

ამ დროისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტში კიდევ 6 კანდიდატურა არის წარდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG