Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თემაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა.

„პირველ რიგში ხაზს გავუსვამ ხელისუფლების დამოკიდებულებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში;

საქართველოში, კერძოდ - ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ხელისუფლება! პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები და იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარტნიორო ფონდი კონსორციუმს 100 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხით დახმარებოდა“, - ნათქვამია მამუკა ბახტაძის განცხადებაში.

ბახტაძის თქმით, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის ირგვლივ ქართული საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგებს ხედავს და ისმენს, საქმე კი წინ ვერ წავიდა და დაიკარგა ძვირფასი დრო.

„საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციისათვის, ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ანაკლია აუცილებლად აშენდება. პროექტი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოცდილებისა და რესურსების მქონე კომპანიამ ან კომპანიათა ერთობლიობამ“, - აღნიშნავს ბახტაძე.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG