Accessibility links

logo-print logo-print

ვოლოდიმირ ზელენსკი თეირანისგან კომპენსაციას მოითხოვს თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოელის სრულ გამოძიებას, დანაშაულის სრულ აღიარებას და კომპენსაციას ირანისგან. ეს განცხადება მან დღეს გააკეთა მას შემდეგ, რაც თეირანმა რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფის შემდეგ აღიარა, რომ შეცდომით ჩამოაგდო უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, რის შედეგადაც მასში მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

„ჩვენ ირანისგან მოველით დაპირებას სრული და ღია გამოძიებისა, პასუხისმგებელთა დასჯის, დაღუპულთა ცხედრების ტრანსპორტირების, კომპენსაციის გადახდისთვის, დიპლომატიური არხებით ოფიცალური ბოდიშის თაობაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა შაბათს დილით აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი „ადამიანური გადაცდომაა“ და რომ ის „შემთხვევით“ მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „მგრძნობიარე ტერიტორიას“ მიუახლოვდა.

ირანი სამი დღის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ უკრაინული „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტის სიახლოვეს ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი - 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG