Accessibility links

site logo site logo

პუტინის თქმით, რუსეთი უცხოური დახმარების გარეშე დაასრულებს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ს


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა კრემლში. 2020 წ. 11 იანვარი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სავარაუდოდ 2021 წლის პირველი კვარტლისთვის შეძლებს გაიყვანოს გერმანიამდე გაზსადენი, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა. ეს უფრო შორეული ვადაა, ვიდრე თავიდან იყო გამოცხადებული.

პუტინმა ეს განცხადება 11 იანვარს გააკეთა მოსკოვში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, რუსეთი „აუცილებლად“ შეძლებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებას უცხოური დახმარების გარეშე.

რუსეთის ლიდერის თქმით, პროექტის დაწყება, რაც 2020 წლის პირველი ნახევრისთვის იყო დაგეგმილი, „რამდენიმე თვით გადაიდება“.

გასულ თვეში აშშ-მა სანქციები დაუწესა დასავლეთის გემებს, რომლებსაც გაჰყავდათ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი. გაზსადენი ორი 1230 კილომეტრის სიგრძის პარალელური ხაზისგან შედგება და ის გაზს გაატარებს რუსეთიდან ჩრდილოეთ გერმანიამდე. პროექტის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. მიიჩნევა, რომ ის ზიანს აყენებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ზრდის მოსკოვის გავლენას კიევზე.

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება აშშ-ის სანქციებს. მან პროექტს ლეგიტიმური უწოდა და თქვა, რომ ის უნდა დასრულდეს.

პუტინმა და მერკელმა ასევე ისაუბრეს ირანის ბირთვული პროგრამის, სირიის და ლიბიის შესახებ. შეხვედრამ სამსაათნახევარს გასტანა. ორივე ლიდერმა თქვა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება, რომელიც 2015 წელს იქნა მიღწეული, დაცულ უნდა იქნეს.

აშშ 2018 წელს გამოვიდა შეთანხმებიდან და მკაცრი სანქციები დაუწესა ირანს, რამაც ირანის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. შეთანხმებას მხარს უჭერენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG