Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე: ხელისუფლებას მოუწევს, მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უპასუხოს


„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე გამოუგზავნა კითხვები და ის ვალდებულია, მათ უპასუხოს“, - განაცხადა 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

საქმე სტრასბურგის სასამართლოში განიხილება კონვენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევის გათვალისწინებით, რაც ხატია დეკანოიძის განცხადებით, გულისხმობს ხელისუფლების მხრიდან სიცოცხლის უფლების ჩამორთმევას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე შიდა დაცვის მექანიზმების უფლების ჩამორთმევას.

ხელისუფლებამ, როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • რატომ მოკლა სახელმწიფომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაუგეგმავი და გაუმართლებელი სპეცოპერაციის შედეგად?
  • რა წინაპირობები უძღოდა წინ სპეცოპერაციას და რა იყო ის გარემოებები, რამაც აუცილებელი გახადა ეს არაპროფესიონალურად ჩატარებული სპეცოპერაცია?
  • რატომ არ უზრუნველყო სასწრაფო სამედიცონო დახმარებით თემირლან მაჩალიკაშვილი, როდესაც მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა ჰქონდა?
  • რატომ უარყო ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, როცა მალხაზ მაჩალიკაშვილს და მთელ საზოგადოებას აინტერესებს სიმართლის დადგენა?

„საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ევროპულ სასამართლოს გადასცეს ყველა მტკიცებულება და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. სოლიდარობა მაჩალიკაშვილის ოჯახს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მაჩალიკაშვილების ოჯახის სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. ოჯახის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში იცავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG