Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ანას ბაღის" სიახლოვეს ისევ ხმაური იყო


„ანას ბაღთან“, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ბენაშვილი და ადგილზე მისული „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ციხეში იქნებით კალაძესთან ერთად, ეგ არის თქვენი ბოლო, კანონიერად მოხვდებით ციხეში, სირცხვილია ხალხის ხარჯზე ფულის შოვნა“, - ასე მიმართა ბენაშვილს ჩხარტიშვილმა.

გიორგი ბენაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია კანონის სრული დაცვით მოქმედებს და სამუშაოებიც აუცილებლად გაგრძელდება - ისინი ადგილმონაცვლეობას არ დათანხმდებიან.

„კომპანიას არ გვაწყობს ადგილმონაცვლეობა. ჩვენ დავამთავრებთ აქ მშენებლობას. საუბარია 10-სართულიან შენობაზე, რომელიც დაახლოებით წელიწად-ნახევარში უნდა დასრულდეს. მოსახლეობას აქ არანაირი პრობლემა არ ექმნება. ესენი კი არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას ხულიგნობით. კერძო მესაკუთრის უფლებას ზრუდავენ“, - განაცხადა ბენაშვილმა.

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ სამშენებლო ტექნიკა 9 იანვარს, დილიდან გამოჩნდა. კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკის გამოჩენას, ხმაური და მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ისინი ბაღის მიმდებარედ ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG