Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ ავიაკომპანიებს ირანის და ერაყის სივრცეში ფრენისგან თავშეკავებას ურჩევენ


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

“ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენა შეფასდა, როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებს მიეცა რეკომენდაცია, თავი შეიკავონ ამ საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავიაკომპანია „Ukraine International Airlines”-ის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

უკრაინის სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად. 11 იანვარს, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თვითმფრინავი რაკეტით, შეცდომით ჩამოაგდეს.

თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი და 167 მგზავრი. ყველა მათგანი დაიღუპა - უკრაინის 11, ირანის 82, კანადის 63, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიის 3 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG