Accessibility links

20 ივლისის საქმეზე დაკავებულ 2 პირს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს


გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო შეთანხმება 20-21ივნისის ღამით აქციის დაშლისას დაკავებულ ორ პირს - ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, აუცილებელია, პირმა ფაქტობრივი გარემოებები აღიაროს.

ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით შიმშილობა 10 იანვარს დაიწყეს.

„საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის მოლაპარაკების საგანია. საპროცესო შეთანხმების კანონისმიერი საფუძველი ბრალის აღიარება გახლავთ. შესაბამისად, როგორც ბრალდებულებმა წინა სხდომაზე განმარტეს, მათ სურთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ. დაზუსტებული პასუხი მომდევნო დღეებში გვეცოდინება“, - განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია პატიმრობაში მყოფი 4 ბრალდებულიდან არცერთი. სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში ბესიკ თამლიანმა, ზურაბ ბუდაღაშვილმა, ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.

მოითხოვს თუ არა დანარჩენი 2 ბრალდებულიც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ჯერჯერობით უცნობია.

დღეს, სასამართლოში ჩვენება სამმა პოლიციელმა მისცა, რომელთაგანაც ერთი დაზარალებულადაა ცნობილი.

შემდეგი სასამართლო სხდომა 17 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის დაშლისას დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG