Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ქალები ითხოვენ სოციალური დახმარების გაუმჯობესებას


ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ათობით ქალმა გამართა საპროტესტო აქცია და მთავრობას მოუწოდა, გაზარდოს სოციალური დახმარება ბავშვიანი ოჯახებისთვის. მიმდინარე თვეში ამ ქალაქში ეს მეორე ასეთი აქციაა.

13 იანვარს, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობის წინ 50-მდე დემონსტრანტმა მოიყარა თავი და მოითხოვა ფინანსური დახმარების გაზრდა მარტოხელა დედებისთვის, დედებისთვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილებს უვლიან და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ მრავალშვილიანი დედებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წლის დასაწყისში დახმარების 27 დოლარის ეკვივალენტური თანხით გაზრდა საკმარისი არ არის.

დემონსტრანტებთან გავიდა ნურ-სულთანის მერიის თანამშრომელი, ელნურ ბეისენბაევი და ისინი შენობაში მიიწვია შეხვედრისთვის, მაგრამ ქალებმა ამაზე უარი განაცხადეს მას შემდეგ, რაც შეხვედრაზე დასწრება ჟურნალისტებს აეკრძალათ. შემდეგ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ სცადეს მსვლელობის მოწყობა, მაგრამ მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.

მძიმე სოციალური პირობების გამო საპროტესტო აქციები ყაზახეთში უკვე თითქმის წელიწადია იმართება. აქციებს ბიძგი მისცა ერთი ოჯახიდან ხუთი ბავშვის დაღუპვამ მას შემდეგ, რაც დედაქალაქში მდებარე მათი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა 2019 წლის თებერვლის დასაწყისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG