Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა აცხადებს, რომ "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი რაულ ხაჯიმბა უარყოფს, რომ 22 მარტს დანიშნულ ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტა. „ყველაფერი მხოლოდ გუშინ მინელდა. ვნახავ, შემდეგ როგორ მოვიქცევი. ჯერჯერობით ამის დრო არ არის. ცხოვრება გვიჩვენებს“, - უთხრა ხაჯიმბამ რუსულ სააგენტო „ტასს“.

ხაჯიმბას თანამოაზრედ მიჩნეულმა, ყოფილმა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმა 13 იანვარს განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა „განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობას არ აპირებს. თავად ხაჯიმბას თქმით, ეს ბარციცის აზრია: „მაგრამ ის არ განსაზღვრავს, ჩემს ბედს განვსაზღვრავ მე“.

ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს ხანში იტყვის, დარჩება თუ არა პოლიტიკაში და რა სტატუსით. ხაჯიმბას მტკიცებით, მისი გადადგომა არავის ზეწოლის შედეგი არ ყოფილა და გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ აფხაზეთში სისხლი არ დაღვრილიყო. რაულ ხაჯიმბამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფხაზეთი დატოვა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“, 12 იანვარს გვიან საღამოს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა.

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე უარი თქვა რაულ ხაჯიმბამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG