Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: რუსეთზე დამონებული მთავრობა აკეთებს ქვეშეთი-კობის გზის პროექტს


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის ინტერესების გატარებაში.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის გაგრძელებამდე გამართა პრეზენტაცია, რომელზეც ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებასა და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე ილაპარაკა. მისი შეფასებით, ახალი სამუშაო ადგილების და ეკონომიკური აღმავლობის მომტანი ანაკლიის პროექტისგან განსხვავებით, მთავრობა ხელს უწყობს ეკონომიკურად უსარგებლო და რუსეთის ინტერესთა შესაბამისი საავტომობილო გზის მშენებლობას.

„ანაკლიის პროექტის გაჩერება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფომ ოთხ ბანკზე, რომელთანაც ხელი გვაქვს მოწერილი ოთხას მილიონ დოლარზე, არ გასცა ორმოცდაათი მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც უნდა გაცემულიყო უკვე აშენებული პორტის შემდეგ“, - განაცხადა ხაზარაძემ. მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ანაკლიიდან ოთხ კილომეტრში საოკუპაციო ხაზია, ბანკები ტვირთბრუნვის დასაზღვევად მოითხოვდნენ ორმოცდაათი მილიონი დოლარის გარანტიას: „რომელიც, ალბათ, არასდროს არ დასჭირდებოდა, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა იმიტომ, რომ 40%-იანი ზრდა არის კონტეინერების საქართველოს გავლით“.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი არ არის რუსეთის ინტერესებში, განსხვავებით ყაზბეგისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზისა, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ პრიორიტეტულად გამოაცხადა და ამ პროექტს აფინანსებს: „ჩვენი ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტით და მოზიდული ვალით, რომელიც შეადგენს ნახევარ მილიარდს, ნახევარ მილიარდ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას რუსეთს“.

ხაზარაძის განცხადებითვე, სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკის მთელი ვექტორი მიმართულია რუსეთისკენ და იმისკენ, რომ თანხა ჩაიდოს პროექტში, რომელიც არც სამუშაო ადგილებს ქმნის, არც ეკონომიკურ აღმავლობას უწყობს ხელს და მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშია: „რუსეთზე დამონებული მთავრობა აკეთებს ამ პროექტს“.

მამუკა ხაზარაძემ ისიც თქვა, რომ ეწინააღმდეგება არა გზებს და მშენებლობებს, არამედ ქვეყნის მიერ პრიორიტეტების შეცვლას.

მამუკა ხაზარაძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოველი სხდომის წინ, სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციას გამართავს.

სასამართლო განიხილავს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 2019 წელს აღძრულ საქმეს. მათ ბრალად ედება ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. მათთვის დახმარების გაწევაში ბრალდებულია ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, რომელიც საქმეს ასევე, აბსურდულს უწოდებს.

დღეს, 14 იანვარს სასამართლოში სხდომის განახლებამდე „თიბისი ბანკის“ და პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პროკურატურას არ ჰყავს არცერთი მოწმე, რომელიც ბრალდების მხარის ცილისწამებას დაადასტურებს: „საქმე გვაქვს სრულიად გროტესკულ პროცესთან“.

ჯაფარიძის თქმით, სასამართლოში მისვლის ყველა დღეს გამოიყენებენ ტრიბუნად, რათა საზოგადოებას გააცნონ „ლელოს“ გეგმები და გამოსავალი კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა შეიყვანეს მთავრობამ და მისმა ლიდერმა ივანიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG