Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თურქეთი მზად არის, "ჭკუა ასწავლოს" ლიბიელ გენერალს


ლიბიის პრემიერი, ფაიეზ ალ-სარაჯი და ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური, ხალიფა ჰაფთარი
ლიბიის პრემიერი, ფაიეზ ალ-სარაჯი და ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური, ხალიფა ჰაფთარი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ის „ჭკუას ასწავლის“ ლიბიელ გენერალს, ხალიფა ჰაფთარს, თუ მისი ძალები საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ იერიშებს გააგრძელებენ.

ერდოანმა ეს ტელევიზიით გამოსვლისას თქვა მას მერე, რაც ლიბიის ნაციონალური - თვითჩამოყალიბებული - არმიის მეთაურმა, გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა მოსკოვი ისე დატოვა, რომ ხელი არ მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედები უნდა დაესრულებინა. ამის თაობაზე ცნობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

გენერალი ჰაფთარი და ლიბიის, გაეროს მიერ აღიარებული, ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელი, ფაიეზ ალ-სარაჯი მოსკოვში წინა დღით ჩავიდნენ, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაეფორმებინათ. დაპირისპირებული პირები ერთმანეთს უშუალოდ არ შეხვედრიან. მოლაპარაკება გამართეს მათმა დელეგაციებმა რუსეთისა და თურქეთის სამხედრო და დიპლომატიური უწყებების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების თანდასწრებით. 13 იანვარს, საღამოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და მისმა თურქმა კოლეგამ, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადეს, რომ სარაჯმა შეთანხმების პროექტს ხელი მოაწერა, ხოლო გენერალმა განსახილველად მეტი დრო ითხოვა.

ცეცხლის დროებითმა შეწყვეტამ, რომელიც 12 იანვარს შევიდა ძალაში, საჰაერო თავდასხმების შემცირება მოიტანა, მაგრამ ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს მის დარღვევაში.

ეროვნული თანხმობის მთავრობას მხარს უჭერს ნატოს წევრი თურქეთი და მისი მოკავშირე კატარი. გაეროს ექსპერტებისა და დიპლომატების განცხადებით, რუსეთის სამხედრო კონტრაქტორები იმყოფებოდნენ ჰაფთარის არმიასთან ერთად, რომელსაც ასევე მხარს უჭერენ არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე და იორდანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG