Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: მინდა ყველას გისურვოთ, ვიყოთ ამ დროშის ღირსი


საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე საზოგადოებას გურიიდან მიულოცა. ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღე ქართველ ჯარისკაცებსაც მიულოცა.

პრეზიდენტის განცხადებით, დროშა საქართველოს სახელმწიფოს და ერთიანობის სიმბოლოა.

„ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში... ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. ჩვენ თუ ეს ვერ შევძელით, ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის, არც ამ ქვეყნის ღირსი არ ვიქნებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დროშის აღსამართად წელს ერისთავების ისტორიული ციხესიმაგრე აირჩია, მომავალ წლებში, ის აპირებს დროშის დღე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღნიშნოს.

„ამ დროშაზე დატანილია ყველაფერი, რაც არის საქართველო, მისი ქრისტიანობა, მისი წარსული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშა. ამ დროშით ჩვენ ევროპაში კი არ შევდივართ, ჩვენ ევროპაში უკვე ვართ. სიმბოლოები, რაცაა დაკავშირებული დროშასთან, დროშის ფერებთან, აქ არის სამართლიანობაც და სიმამაცეც, ეს არის ის ფასეულობები, რითაც მოდიოდა საქართველო და მოდის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, ეს დროშა არის იმედი, რომ საქართველო იქნება გამთლიანებული. მისი განცხადებით, ამ დროშის ქვეშ ძალიან ბევრი საქმე კეთდება.

„ამ დროშის ქვეშ დგანან ჩვენი ჯარისკაცები, ამ დროშის ქვეშ ჩვენი დიპლომატიური სამსახურები უცხოეთში, ჩვენ გავდივართ უცხოეთში და ვართ ცნობილი ამ დროშით, ყველა პატივს გვცემს ამ დროშის ქვეშ. ამ დროშის ქვეშ, ასევე, ჩვენი სპორტსმენები იმარჯვებენ უცხოეთში და ძალიან ბევრი მედლით დაბრუნდნენ, ბევრჯერ აღიმართა საქართველოს დროშა უცხოეთში. ახლა იწყება 2020 წელი, ოლიმპიური თამაშების წელი და დარწმუნებული ვარ, ეს დროშა ძალიან ხშირად აღიმართება სწორედ ამ თამაშების დროს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, „ეს დროშა მოგვეცა, რამდენი საუკუნეა, რომ ამ დროშის ქვეშ ჩვენი გმირები იბრძვიან, ძალიან ბევრი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ, შემდეგ სხვა დროშის ქვეშ, მაგრამ ეს არის რეალურად ერთიანი დროშა ჩვენი ისტორიისა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG