Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მასობრივი კონტროლის საშუალებას იძლევა


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარლამენტს წარუდგინა დასკვნა, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

საიას დასკვნის თანახმად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფოს საჯარო დაწესებულებების, ინტერნეტპროვაიდერებისა და იურიდიული პირების ინფორმაციაზე წვდომა ექნება და შეეძლება გააკონტროლოს ინტერნეტში გასული ნებისმიერი ინფორმაცია.

„კანონპროექტის მიხედვით, მოხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების სამ კატეგორიად დაყოფა: პირველ კატეგორიაში შევლენ საჯარო დაწესებულებები, მეორე კატეგორიაში - ინტერნეტ პროვაიდერები (მაგალითად: მაგთი, სილქნეტი), ხოლო მესამე კატეგორიაში - კერძო სამართლის იურიდიული პირები. ინიციატივით განსაზღვრულია, რომ პირველ და მეორე კატეგორიაზე ზედამხედველობას განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ხოლო მესამე კატეგორიაზე კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო“, - ნათქვამია საიას დასკვნაში.

სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს უჩნდება უფლებამოსილება, პირდაპირი წვდომა ჰქონდეს საჯარო დაწესებულებების ინფორმაციასა და ინფორმაციულ აქტივზე, ასევე ქსელურ სენსორებზე.

მას შეეძლება, ინტერნეტპროვაიდერებს მოსთხოვოს ქსელური სენსორის დაყენება და პროვაიდერის თანხმობით მიიღოს ქსელურ სენსორზე წვდომის უფლება. თუმცა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უწყებამ ინტერნეტპროვადერის თანხმობის მიუხედავად შეძლოს ინფორმაციის მონიტორინგი.

„სააგენტოს შეუძლია მოსთხოვოს მეორე კატეგორიის სუბიექტს (ინტერნეტპროვაიდერს) ინფორმაციასა და ინფორმაციულ აქტივზე წვდომა, ხოლო სუბიექტის თანხმობა აღნიშნულზე სავალდებულო არაა“, - ნათქვამია საიას დასკვნაში.

შესაბამისად, საია ვარაუდობს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ სააგენტოს ექნება პირდაპირი შესაძლებობა, გააკონტროლოს ინტერნეტში გასული ნებისმიერი ინფორმაცია.

ამასთან, საიას თანახმად, კანონპროექტის განხილვა დარღვევებით მიმდინარეობს და მის განხილვაში არ მონაწილეობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტს მოუწოდებს, „არ დაუშვას კანონპროექტის მიღება შემოთავაზებული ფორმით და კანონპროექტის განხილვა მოხდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და დისკუსიის შედეგად“.

ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კანონპროექტი გასულ წელს მოამზადა. მის მიხედვით, სხვადასხვა უწყების ინფორმაციაზე წვდომა სუს-ს ექნება, ის ჩაატარებს მათი ინფორმაციული სისტემების კონტროლსაც.

კანონპროექტით განისაზღვრება კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის 3 კატეგორიის სუბიექტი, ანუ ის ჯგუფები, რომელთა შეუფერხებელი მუშაობაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და, შესაბამისად, საჭიროა მათი დაცვა კიბერშეტევებისგან.

ესენია:

  • სახელმწიფო სექტორი (სამინისტროები, სახელმწიფო საწარმოები...)
  • ელექტრონული კომუნიკაციების სექტორი („მაგთი“, „სილქნეტი“...)
  • კერძო სექტორი (ბანკი, სადაზღვევო კომპანიები, გაზმომარაგების კომპანია და ა.შ.)

სახელმწიფოსა და ელექტრონული კომუნიკაციების სექტორს გააკონტროლებს სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (OTA), ხოლო კერძო სექტორს - მონაცემთა გაცვლის სააგენტო. ის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და საჯარო სექტორის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა ევალებოდა.

კანონპროექტის ინიციატორი, ირაკლი სესიაშვილი, ოპონენტთა მიერ ჩამოთვლილ საფრთხეებს არ ეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG