Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელო" ადასტურებს, რომ დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ეჭვმიტანილი მისი წევრია


ანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების მონაწილე ვახტანგ რობაქიძე „ლელოს“ წევრია.

ხაზარაძის ინფორმაციით, 2012-2017 წლებში ვახტანგ რობაქიძე იყო „ქართული ოცნების“ წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. „ჩვენ არ ვიცით, რის გამო მოხდა მათ შორის, ანუ ყოფილ პარტიელებს შორის დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ძალადობა არის დაგმობილი ჩვენს მიერ, ჩვენ გავერკვევით დეტალებში და, შესაბამისად, მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. არ ვიცით, რა მოხდა და ვერ დავეყრდნობით მარტო ინფორმაციას, რომელიც თქვა ოხანაშვილმა იმიტომ, რომ პირდაპირ გეტყვით, რომ ოხანაშვილმა მთელი საქართველო მოატყუა და, შესაბამისად, შეიძლება, ის ამ შემთხვევაშიც იტყუებოდეს“, - უთხრა დღეს, 15 იანვარს მედიას მამუკა ხაზარაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, დეტალებში გაერკვევიან და დღის ბოლომდე სრული ინფორმაცია ექნებათ.

14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაბა ბაკურიანში, ერთ-ერთ კაფეში ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის ინციდენტი მოხდა.

ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაფეში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოიჩინა, შეურაცხყოფას აყენებდა და „გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მიახლოებას“, თუმცა, ეს აღიკვეთა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

რობაქიძე პოლიციამ დააკავა წინააღმდეგობის გაწევისთვის. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომელიც ეხება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG