Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბას შემცვლელმა დე ფაქტო ორგანოებს დაავალა „სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა“


ვალერი ბგანბა
ვალერი ბგანბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებს დაავალა მუშაობის ჩვეული რეჟიმით გაგრძელება „სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად“.

დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქების და რაიონების ხელმძღვანელებთან სოხუმში, დღეს გამართულ თათბირზე ბგანბამ თქვა, რომ მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე „პრეზიდენტის ყველა ნორმატიულ-სამართლებრივი და სხვა აქტი ძალაშია და სულფასოვან შესრულებას ექვემდებარება“. ამასთან, ბგანბამ ძირითად ამოცანად დაასახელა „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების“ ჩასატარებლად საჭირო პირობების უზრუნველყოფა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 იანვარს, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“ მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას.

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე უარი თქვა რაულ ხაჯიმბამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG