Accessibility links

სახალხო დამცველი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში "ფულის გათეთრებას" ვერ ხედავს


"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა სახალხო დამცველის „სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“.

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, სახალხო დამცველის დასკვნაა, რომ საქმეში არანაირი „ფულის გათეთრება“ არ არის. კორძაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველი საქმეს რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა და მოამზადა13-გვერდიანი დასკვნა, რომლის თანახმად: „ნათლად ჩანს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდების დასაბუთება არ შეესაბამება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონვენციურ შინაარსს, აგებულებებს და სპეციალურ მიზნებს“.

ადვოკატის განცხადებით, მანამდე ასეთივე შინაარსის დასკვნა მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“.

სახალხო დამცველმა „სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“ ოფიციალურ ვებსაიტზეც გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქმის მასალებში არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქმედება ჩაითვალოს ფულის გათეთრების დანაშაულად.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 2019 წელს აღძრულ საქმეს.

მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. მათთვის დახმარების გაწევაში ბრალდებულია ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, რომელიც საქმეს ასევე, აბსურდულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG