Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე ანრი ოხანაშვილის ინციდენტზე: გაუგონარი დანაშაულია


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირი, რომელიც დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დააკავეს, 2014 წლამდე ზესტაფონში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყო, „დღეს „ლელოს“ აქტივისტია“. თუმცა, მათ პირადი ნაცნობობა არ აკავშირებთ.

„ანრი ოხანაშვილს არანაირი პირადი კვეთა არ ჰქონია. უბრალოდ, პიროვნული გაღიზიანების და სიმთვრალის გამო მიაყენა მცირეწლოვან ბავშვებს მძიმე შეურაცხყოფა და დაემუქრა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი სიტყვებით, მოსისხლე მტრებიც კი ოჯახის წევრების თანდასწრებით ასე არ იქცევიან.

„ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოსისხლე მტრები რომ ხვდებიან ერთმანეთს საქართველოში, თუ ცოლ-შვილთან ერთად არიან, ერთმანეთს არ ერჩიან“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

იგი გაუგონარს უწოდებს მცირეწლოვანი ბავშვების წინაშე მამის შეურაცხყოფას.

„ანრისთან დღეს რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაცია და ერთ-ერთ ბავშვს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, რომ ამ დანაშაულზე თუ უდანაშაულობაზე უნდა ვილაპარაკოთ მთელი კვირის განმავლობაში. გაუგონარი სისასტიკე და გაუგონარი დანაშაულია“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დაბა ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. მედიასთან კომენტარში ვახტანგ რობაქიძემ განაცხადა, რომ ის ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარია. ამასთან, მისი სიტყვებით, დიდი ხანია ანრი ოხანაშვილს იცნობს.

„ვიცნობ დიდი ხანია ამ პიროვნებას და არ ვიცი, თვითონ რატომ თქვა, რომ არ მიცნობს“, - აღნიშნა ვახტანგ რობაქიძემ.

ინციდენტი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრს, ვახტანგ რობაქიძეს შორის 14 იანვარს, დაბა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მოხდა.

ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაფეში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოიჩინა, შეურაცხყოფას აყენებდა და „გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მიახლოებას“, თუმცა, ეს აღიკვეთა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

ვახტანგ რობაქიძე პოლიციამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა. კაფეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომელიც ეხება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG