Accessibility links

ანრი ოხანაშვილი ინციდენტის დეტალებს ჰყვება


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მეუღლესთან ერთაც ჩვენება მისცა.

ის ბაკურიანში კაფეში მომხდარის დეტალებს ჰყვება. მისი სიტყვებით, პირი, რომელიც თავს დაესხა, ნასვამი იყო და ხელში გარკვეული საგნებიც ეჭირა. ანრი ოხანაშვილი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს და მისდამი აგრესიის მიზეზად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

„შევედით კაფეში. შევნიშნეთ ადამიანი, უფრო სწორად, ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი აგრესიული მზერით ჩემს მიმართ, რაზეც ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ ყურადღება არ მიექცია. ეს ადამიანი დაჟინებული მზერით გვაკვირდებიდა, ჩვენი მაგიდის გარშემო ტრიალებდა, შემდგომ დაიწყო გასვლა გარეთ, რამდენიმე წუთში დაბრუნდა ისევ უკან და კიდევ დაჟინებული მზერით ყურების შემდგომ დაჯდა გვერდით მაგიდასთან და დაიწყო ხმამაღლა ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი პირადად ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. იყო, რა თქმა უნდა, მუქარაც, ბავშვებთან დაკავშირებით. ჩემი მთავარი ამოცანა რაც იყო, ბავშვები და მეუღლე გამერიდებინა სიტუაციას. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არ შევსულიყავი ამ ადამიანთან რაიმე ფიზიკურ შემხებლობაში ან დაპირისპირებაში და მაქსიმალურად პირველი ამოცანა იყო, ბავშვები გამერიდებინა სიტუაციას. ეს გავაკეთე. ხალხის ნაწილი გარბოდა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა, ილანძღებოდა და ნაწილმა სცადა მისი შეჩერება, ვინაიდან კაფის მუშაობა პარალიზებული გახდა“, - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

მისი სიტყვებით, თმენის ვალდებულება პოლიტიკური შეფასებების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ „ფაქტია, რომ [პირი] პოლიტიკურად ანგარიშსწორებას ცდილობდა“. ამასთან, ანრი ოხანაშვილის სიტყვებით, ამ ადამიანს არ იცნობს და არასდროს შეხვედრია. „გარკვეული ინფორმაციები ეტაპობრივად გავიგე მეც, ისევე როგორც თქვენ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

დაბა ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. მედიასთან კომენტარში ვახტანგ რობაქიძემ განაცხადა, რომ ის ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარია. ამასთან, მისი სიტყვებით, დიდი ხანია ანრი ოხანაშვილს იცნობს.

„ვიცნობ დიდი ხანია ამ პიროვნებას და არ ვიცი, თვითონ რატომ თქვა, რომ არ მიცნობს“, - აღნიშნა ვახტანგ რობაქიძემ.

ინციდენტი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრს, ვახტანგ რობაქიძეს შორის 14 იანვარს, დაბა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მოხდა.

გუშინ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაფეში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოიჩინა, შეურაცხყოფას აყენებდა და „გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მიახლოებას“, თუმცა, ეს აღიკვეთა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

ვახტანგ რობაქიძე პოლიციამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა. კაფეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომელიც ეხება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG