Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატებმა ახალი მტკიცებულებები წარმოადგინეს ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებით. სამხილები დაამატეს უკანასკნელ მომენტში - საქმეს უკვე დღესვე გადასცემენ სენატს. გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს შორისაა აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანისა და მისი თანაშემწის, საბჭოთა წარმომავლობის ბიზნესმენ ლევ პარნასის პირადი მიმოწერა უკრაინის მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან.

დემოკრატების თანახმად, ჯულიანი ცდილობდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, რათა ესაუბრა მასთან ტრამპის პოლიტიკური ოპონენტის, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოძიებაზე. ამასთან, ჯულიანიმ მიანიშნა, რომ ტრამპის პირადი ინტერესებისთვის და მისი ნებართვით მოქმედებდა. ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიება სურდა ქვეყნის ინტერესებისთვის და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

დემოკრატებმა ასევე გამოაქვეყნეს ლევ პარნასის მიმოწერა უკრაინის ყოფილ გენერალურ პროკურორთან, იური ლუცენკოსთან. ლუცენკო ბაიდენების საქმეში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა უკრაინაში მაშინდელი ელჩის, მარი იოვანოვიჩის მოხსნას. პარნასი ასევე მიმოწერას აწარმოებდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვთან, უკრაინის უშიშრობის სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან, ივან ბაკანოვთან და პრეზიდენტის პირველ თანაშემწესთან, სერჰი შეფირთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG