Accessibility links

logo-print logo-print

ანას ბაღთან აქციის მონაწილეები დარაჯობენ, რომ ტექნიკამ ტერიტორია არ დატოვოს


„ტექნიკა შესულია და არ გამოვატარებთ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ანას ბაღში მიმდინარე აქციის მონაწილემ, ლევან ქართველიშვილმა. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე ბეტონმზიდის შესვლის წინააღმდეგი იყო.

„ბეტონმზიდი მოვიდა, ადგილობრივები მას წინ გადაუდგნენ. მოვიდა საპატრულო პოლიცია. სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა გვერდით გაწიეს ქალები და ბავშვები. პოლიციას მივმართავდით, რომ რეაგირება მოეხდინათ ამ ფაქტზე, მაგრამ არ მოახდინეს. საბოლოო ჯამში ისევ ჩვენ გვითხრეს, რომ სავალ ნაწილზე ხართო და ტექნიკა შეიყვანეს. ნებისმიერ ტექნიკას, რასაც მოიყვანენ, დავუდგებით წინ. არ დავიღლებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე“, - ამბობს ლევან ქართველიშვილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბეტონი დაცალა, ისინი სატვირთოს ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ მისცემენ. „რადგან ძალით შეიყვანეს, მოუწევთ ძალით გამოვიდნენ“, - თქვა მან.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა ლაშა ფირცხალაიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას საკუთარ სახლში შესვლის უფლება აქვს. „ისინი გვიზღუდავდნენ და შემდეგ თვითონ გამოიძახეს პატრული. ეს ჩემი ტერიტორიაა, რაც სახლს ნიშნავს“, - თქვა ფირცხალაიშვილმა.

ანას ბაღში შეკრებილებს შეუერთდა „პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე.

ამჟამად ტექნიკა აღარ მუშაობს და როგორც მშენებლები ამბობენ, აპირებენ მთელი ღამის განმავლობაში მის ადგილზე დატოვებას აპირებენ. აქციის რამდენიმე მონაწილე კი იქვე გაშლილკარავში რჩება.

10 იანვარს, ვარკეთილში, „ანას ბაღში“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირი სასამართლომ დღეს, 15 იანვარს დააჯარიმა.

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას სამი წელია აპროტესტებენ. შენობას შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი" აშენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG