Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო მინისტრი  „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის წინააღმდეგ


ზალინა ლალიევას სარჩელის ასლი
ზალინა ლალიევას სარჩელის ასლი

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრმა ზალინა ლალიევამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის, ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ცხინვალში პატიმრების ცემისა და შიმშილობის ფაქტს აშუქებდა. ქელეხსაევა წერდა პარლამენტარების მცდელობაზეც, უნდობლობა გამოეცხადებინათ პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ლალიევასთვისაც. განცხადებაში ლალიევა აღნიშნავს, რომ სტატიით - "სპიკერი საპარლამენტო გამოძიების ქვეშ", ქელეხსაევამ მისი, როგორც "თანამდებობის პირის პატივი და ღირსება შელახა".

ლალიევა ქელეხსაევასგან მორალური ზიანის ანაზღაურებას, ნახევარ მილიონ რუსულ რუბლს (23 370 ლარი) ითხოვს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა პასუხი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად უნდა აგოს. ცხინვალში სწორედ რუსული სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედებს.

ირინა ქელეხსაევას ზალინა ლალიევას სასარჩელო განცხადების ასლი, რომელშიც ის ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს, 15 იანვარს გადაეცა. ლალიევას მტკიცებით ჟურნალისტის ტექსტის ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ „იუსტიციის მინისტრმა" პირადად შეიყვანა მილიციის სპეცრაზმი ციხეში და იქ იმყოფებოდა, როდესაც პატიმრებს სცემდნენ, ცილისმწამებლურია.

ირინა ქელეხსაევა ამბობს, რომ სარჩელის ტექსტი შეცდომებით არის დახუნძლული:

”პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, ეს პუნქტუაციისა და მართლწერის შეცდომების რაოდენობააა. მათ შორის შეცდომითაა დაწერილი ჩემი გვარიც.

განცხადების დასაწყისში მე ვარ ირინა ქლეხსაევა, შემდეგ გვარი უკვე მეგრულად ჟღერს - ქელეხსავა. მქონდა შეგრძნება, რომ ამ ადამიანს პირველად ესმის ოსური გვარი... განცხადების დასაწყისშვე ჩანს, რომ მან არ იცის არა მხოლოდ სოციალური ქსელის Facebook- ის სახელწოდება (იგი წერს Facebok), არამედ ისიც, რომ სოციალური ქსელი და ვებ – გვერდი ორი განსხვავებული რამ არის
ირინა ქელეხსაევა, "ეხო კავკაზას" ჟურნალისტი


... ეს და სხვა ამგვარი ელემენტარული შეცდომები, ზოგადად ეჭვს აჩენს ამ პიროვნების წიგნიერებაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ გადახედავთ მის ბიოგრაფიას, რომლის მიხედვით მას (ლალიევას) აქვს ფილოლოგიური განათლება და არის რუსული ენის პედაგოგი. ”

იურისტი თიმურ კოკოითი, რომელიც გაეცნო სასარჩელო განცხადებას, შინაარსის პრობლემებზეც მიუთითებს;

”ლალიევას განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი არის იუსტიციის მინისტრი, თავად განცხადების ტექსტშიც წერს, რომ ის არის თანამდებობის პირი. ამავე დროს, იგი მიუთითებს, 128-ე მუხლს, რომელიც არ ითვალისწინებს დევნას თანამდებობის პირთა ცილისწამებისთვის. ეს მუხლი კერძო პირებს ეხება. თანამდებობის პირთა ცილისწამებაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 298-ე მუხლით. მაგრამ ლალიევა არ შედის იმთანამდებობის პირთა სიაში, რომელსაც ეს მუხლი ეხება”

2019 წლის 2 ოქტომბერს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი, ზალინა ლალიევა, სპეციალური დანიშნულების რაზმისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის თანხლებით, საღამოს მივიდა შრომა-გასწორებით კოლონიაში, სადაც პატიმრები შიმშილობდნენ და სადაც შემდეგ ამ პატიმრებს სასტიკად გაუსწორდნენ; დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობამ - ოცმა წევრმა, პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისთვის უნდობლობის გამოცხადება სცადა. საბოლოო ჯამში, პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ დე ფაქტო პარლამენტსა და მთავრობას შორის, მინისტრების გადასაყენებლად საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

” მიუხედავად იმისა, როგორია მომხდარის სამართლებრივი შეფასება, საზოგადოების თვალში, მინისტრი ლალიევა პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მოხდა ცხინვალის ციხეში 2 ოქტომბერს. მისი სარჩელი ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ, შესაძლოა, მისი მხრიდან საზოგადოების წინაშე თავის გამართლების მცდელობა იყოს. თუ ასეა, მაშინ ეს არის წარუმატებელი მცდელობა, რადგანსაპირისპიროდაღიქმება: როგორც საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფის დემონსტრირება,როგორც საზოგადოებაზე ზეწოლის გაგრძელება. ”- უთხრა პოლიტოლოგმა დინა ალბოროვამ „ეხო კავკაზას“.

სასარჩელო განცხადების გადაცემას სასამართლოში ლალიევა არ დასწრებია, სამაგიეროდ ირინა ქელეხსაევა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა იქ მის მხარდასაჭერად მისული ხალხი.

მე, როგორც ჟურნალისტს, რომელსაც პირველად არ უწევს სასამართლო ორგანოებსა და ბრალდებებთან გამკლავება, სასიამოვნოდ გამიკვირდა იმ ადამიანების ხილვა, ვინც ჩემს მხარდასაჭერად მოვიდა, რადგან მანამდე მხარდაჭერა მხოლოდ დისტანციურად გამოხატული თანაგრძნობით ან პირადი მიმოწერით იყო შემოფარგლული. ზოგიერთ მათგანმა, ვინც დღეს სასამართლო დარბაზში იჯდა, პროცესის შესახებ ფეისბუკიდან შეიტყო. ისინი მოვიდნენ ჩემს მხარდასაჭერად.

ეს არის ყველაზე ფასეული: ხალხს აღარ ეშინია, შეუძლიათ მოვიდნენ და გამოხატონ თავიანთი სამოქალაქო პოზიცია. ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში ეს პირველად ხდება ”.
ირინა ქელეხსაევა, "ეხო კავკაზას" ჟურნალისტი

სასამართლო სხდომა „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის წინააღმდეგ ლალიევას სარჩელზე შემდეგ კვირაში გაიმართება.

"ეხო კავკაზა" რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტია. ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ირინა ქელეხსაევა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებული მასალების გამო. 2014 წელს ქელეხსაევას სასამართლო დავა ჰქონდა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრთან. ეს იყო პირველი შემთხვევა ცხინვალში, როდესაც ჟურნალისტმა თანამდებობის პირს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა. 2018 წელს ცხინვალის რადიოსადგურ "ირ"-ში, სადაც ირინა პარალელურად მუშაობდა, "ეხო კავკაზასთვის" მომზადებული სტატიის „როგორ წაიჩხუბნენ პრეზიდენტი და ინვესტორი“ გამოქვეყნების შემდეგ, დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა, ირინას ოფისი ორდერის წარდგენის გარეშე გაჩხრიკეს. მოგვიანებით ჟურნალისტს რადიოსადგური "თავისი ნებით" დაატოვებინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG