Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს


მიხაილ მიშუსტინი

რუსეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხაილ მიშუსტინი ფედერალურ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს აპირებს. ამის შესახებ მან დუმის ფრაქციის, „ედინაია როსიას“ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.

„გადმოგცემთ მიშუსტინის სიტყვებს: ცვლილებები იქნება“, - უთხრა სააგენტო „ინტერფაქსს“ ფრაქციის წევრმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ. მისი ინფორმაციით, მიშუსტინს არ დაუკონკრეტებია, რომელი მინისტრების შეცვლას აპირებს.

რუსეთის მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადეს ფრაქციის სხვა დეპუტატებმაც. მათ მიშუსტინმა დახურულ სხდომაზე გააცნო მთავრობის მომავალი საქმიანობის პრიორიტეტები.

რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ საპარლამენტო ფრაქციამ მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. მიშუსტინი სხვა ფრაქციების წევრებსაც შეხვდება, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კენჭს დუმის პლენარულ სხდომაზე უყრიან.

პრეზიდენტ პუტინის მიერ პრემიერ-მინისტრად 15 იანვარს წარდგენილი, 53 წლის მიხაილ მიშუსტინი 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის საგადასახადო სამსახურს.

ფედერალური მთავრობა პრემიერ-მინისტრ მედვედევის ხელმძღვანელობით, 15 იანვარს გადადგა.

მთავრობის გადადგომას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიმართვა ფედერალური კრებისადმი, რომელსაც სახელისუფლებო სისტემის შეცვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა გააცნო. კერძოდ, პარლამენტს უფლება ექნება დაამტკიცოს მთავრობის მეთაურის, მისი მოადგილეების და ფედერალური მინისტრების კანდიდატურები და პრეზიდენტი მათ უარყოფას ვერ შეძლებს. ამასთან, პრეზიდენტს დარჩება იმის უფლება, რომ ნდობის დაკარგვის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაითხოვოს. პრეზიდენტი კვლავ იქნება შეიარაღებული ძალების და სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელი, თუმცა, ფედერაციის საბჭო მიიღებს მონაწილეობას კონსულტაციებში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დასანიშნად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG