Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო: ვადაგასული წამლებით C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს არ მკურნალობდნენ


დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტება გააკეთა აუდიტის სამსახურის იმ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც მისი მინისტრობის პერიოდში, 2018 წელს, C ჰეპატიტის სამკურნალო 560 645 083 ლარის ღირებულების პრეპარატებს ვადა გაუვიდა.

როგორც ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, პრეპარატების ვადის გასვლით არ დაზარალებულა არც ერთი პაციენტი, რადგან 2018 წელს პაციენტთა მომართვიანობა შემცირებული იყო და მათი პროგრამაში ჩასართავად სამინისტრო პროაქტიულად მუშაობდა. მისივე განმარტებით, ამ პერიოდში პაციენტებს ვადაგასული წამლებით არ მკურნალობდნენ, რადგან „ჰარვონის“ ახალი, ვადიანი პარტია უკვე შემოსული იყო.

რაც შეეხება თავად ვადაგასული წამლების საერთო ღირებულებას, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ რადგან 2018 წელს აღნიშნული წამლების ფასი 8-ჯერ ნაკლები იყო, აუდიტის სამსახურს ღირებულების „განფასება“ უნდა გაეკეთებინა:

ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს ვიკიპედიაში ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა. თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 000 პაციენტის მკურნალობაზე, ვინც გაიარა ეს მკურნალობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, მედიკამენტების ვადის გასვლის საკითხზე პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ:

რა თქმა უნდა მიამიტობაა მინიმუმ იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაციის დროს შეთავაზება რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან ვერ ხდებოდა იმ პერიოდში ათვისება. თუმცა მათ ხაზი გაუსვეს რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი - მედიკამენტი უფასოდ მთელს დედამიწაზე აქვს მხოლოდ საქართველოს. რა რეაქცია მოჰყვა მათგან ამას - ამ მოვლენებიდან ერთი წლის თავზე 2019 წლის აპრილში ვენაში ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ყველა პარტნიორის ჩართულობით საქართველომ მიიღო ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. იგი აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ხმებიც იმასთან დაკავშირებით, რომ მედიკამენტები ფარულად გაიყიდა:

„2018 წლის განმავლობაში უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანომ ძალიან სკურპულოზურად შეამოწმეს ეს ყველაფერი, მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით და არამც თუ ერთი ფლაკონის, არამედ ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანებული“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

თავად სააგენტოში ამას ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებით ხსნიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG