2019 წელს უკრაინაში სიტყვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებმა მოიმატა, იტყობინება მედიის მონიტორინგის ადგილობრივი ორგანიზაცია „მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტი“.
16 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში, „სიტყვის თავისუფლების ბარომეტრში“, მოტანილია დარღვევის 243 შემთხვევა, რაც რვით მეტია წინა წელთან შედარებით. სამი წლის განმავლობაში პირველად იქნა მოკლული ჟურნალისტი. ვადიმ კომაროვი 20 ივნისს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მაისში მასზე თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ჩერკასიში.
ანგარიშის თანახმად, დარღვევათა უდიდესი ნაწილი - 172 - დაკავშირებული იყო „ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკურ აგრესიასთან“.
„მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის“ სიტყვის თავისუფლების მონიტორინგის განყოფილების უფროსი, კატერინა დიაჩუკი, გაუარესებული ვითარების მიზეზად იმას ასახელებს, რომ ასეთი დარღვევების გამოძიებას არა აქვს სისტემური ხასიათი.
ანგარიშში ჩამოთვლილია ასევე „მზარდი ზეწოლა მედიაორგანიზაციების მფლობელთა და პოლიტიკოსთა მხრიდან, რომლებიც ჟურნალისტების დისკრედიტაციაში მონაწილეობენ, პლუს ჟურნალისტურ წრეებში არ არის სათანადო სოლიდარობა.“
დაწერეთ კომენტარი