Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოლექსი ჰონჩარუკმა გადადგომის განცხადება გაუგზავნა პრეზიდენტს


ოლექსი ჰონჩარუკი
ოლექსი ჰონჩარუკი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოლექსი ჰონჩარუკმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სკანდალის ფონზე, რომელიც ეხება აუდიოჩანაწერს, რომელშიც, როგორც იტყობინებიან, ის ამცირებს საკუთარ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცოდნას ეკონომიკაში.

17 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ჰონჩარუკმა ფეისბუკში დაწერა: „მე თანამდებობაზე მოვედი პრეზიდენტის პროგრამის შესასრულებლად. ის ჩემთვის არის გახსნილობისა და წესიერების მაგალითი. მაგრამ იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი ეჭვი პრეზიდენტის მიმართ ჩვენს პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით, მე დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და გადავეცი ის პრეზიდენტს პარლამენტში შეტანის უფლებით“.

პრეზიდენტის კანცელარიაში დაადასტურეს გადადგომის თაობაზე ჰონჩარუკის განცხადების მიღება.

აუდიოჩანაწერები ოთხშაბათს გამოქვეყნდა YouTube-ის არხზე „როგორ მოვატყუოთ პრეზიდენტი“. ჩანაწერების სანდოობა არ არის დადასტურებული, მათი წყარო უცნობია. დაცვის სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ არა აქვს კავშირი პრემიერ-მინისტრის საუბრების მოსმენასთან.

როგორც აცხადებენ, ჩანაწერები გაკეთდა დეკემბერში გამართული თათბირის დროს. საუბრის ყველა მონაწილე რუსულად ლაპარაკობს. სავარაუდოდ, ჰონჩარუკი ჩანაწერში აღიარებს, რომ „სრული უვიცია ეკონომიკაში“, პრეზიდენტ ზელენსკიზე კი ამბობს, რომ „მას ძალზე პრიმიტიულად ესმის ეკონომიკური პროცესები“.
ოლექსი ჰონჩარუკი შარშან ჩაუდგა სათავეში მთავრობას მას შემდეგ, რაც უმაღლესი რადის არჩევნებში გაიმარჯვა ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“. განათლებით ის იურისტი და სახელმწიფო მართვის სპეციალისტია. 35 წლის ასაკში ის უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.

თუკი პრეზიდენტი ჰონჩარუკის გადადგომას მიიღებს, ახალი პრემიერის კანდიდატურა უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს. იქ ზელენსკის პარტია უმრავლესობას ფლობს. თუმცა მრავალი მიმომხილველი წერს, რომ ფრაქციაში უთანხმოებაა, რაც ხელს უშლის ხოლმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG