თეირანის მტრებმა უკრაინული ავიალაინერის ავიაკატასტროფა გამოიყენეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დასასუსტებლად, - ამის შესახებ პარასკევის ლოცვაში განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ. ეს მისი პირველი ქადაგებაა 2012 წლის შემდეგ.
აიათოლამ თვითმფრინავის კატასტროფას დიდი ტრაგედია უწოდა. ამასთან, დასძინა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია ადამიანური ღირებულებებით, ვინაიდან ის ირანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
უზენაესმა ლიდერმა კვლავ გააკრიტიკა აშშ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური დანაყოფის, „ყუდსის ძალების“ მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მოკვლისთვის. ხამენეის თქმით, ვაშინგტონმა „ტერორისტის ბუნება“ გამოავლინა ირანელი სამხედროს მკვლელობით.
იანვარში ერაყში აშშ-ის სამხედროებზე თავდასხმის კომენტირებისას ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანმა „ღვთის დახმარება“ მიიღო. „ის ფაქტი, რომ ირანს უნარი შესწევს, ასეთი სილა გააწნას მსოფლიო ზესახელმწიფოს, ალაჰის ხელზე მეტყველებს“, თქვა აიათოლამ. მის კომენტარებს ხალხი შეხვდა ლოზუნგებით: „სიკვდილი ამერიკას!“.
აშშ-ის მიერ გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზებზე, რომლებშიც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ. იმავე დღეს თეირანთან კატასტროფა განიცადა უკრაინის სამოქალაქო თვითმფრინავმა. თავდაპირველად ირანი აცხადებდა, რომ თვითმფრინავი ძრავის გაუმართაობის გამო დაიღუპა. მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული „ბოინგი“ შეცდომით ჩამოაგდეს. თვითმფრინავში მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.
დაწერეთ კომენტარი