Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი გაკვირვებას გამოხატავს თბილისში დიალოგის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო


სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყების საჭიროების საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებას გამოხატავს. საგანგებო განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ „სახელმწიფოს“ პოლიტიკური სტატუსის თემა ვერ გახდება მოლაპარაკებების საგანი:

„არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციამ საქართველოს ხელისუფლების უეცრად გამოჩენილი მზადყოფნის შესახებ აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ გაკვირვება გამოიწვია. ჩვენის მხრივ, მხარს ვუჭერთ ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის დეიზოლაციას, რეგიონულ უსაფრთხოებას, ეკოლოგიას და სხვა საკითხებს, რომელსაც უშუალოდ აქვს კავშირი ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემასთან.

ამავე დროს, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსი, რომელიც დამყარებულია აფხაზი ხალხის ნებაზე და განმტკიცებულია კონსტიტუციით, არ წარმოადგენს მოლაპარაკებების საგანს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეების მიერ ხელი მოეწერება შეთანხმებას ცეცხლის არგამოყენების შესახებ.

განცხადებაში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი სასარგებლოა და ემხრობა მის გაგრძელებას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოხუმთან დიალოგის შესახებ განცხადებები გააკეთეს მას შემდეგ, რაც დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა სერგეი შამბამ და ასლან ბჟანიამ ქართულ მედიასთან კომენტარებში აღნიშნეს, რომ მხარეთა შორის პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG