Accessibility links

logo-print logo-print

პროკურატურა: ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთს 2018 წლის 27 ნოემბერს მივმართეთ


საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტებას აკეთებენ ე.წ. კანონიერი ქურდის, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მინდია ლავასოღლის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით.

პროკურატურის თანახმად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა:

„დღეის მდგომარეობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.

გარდა აღნიშნულისა, საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას თურქულ მხარეს ქართველი კოლეგებისგან ასევე არ გამოუთხოვია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

მედიის ცნობით, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში იწურება და თუ თბილისი მის მიღებაზე უარს იტყვის, ანკარას მისი გათავისუფლება მოუწევს.

2018 წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ინტერპოლის მიერ ძებნილი მინდია გორაძე 2018 წელს ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს.

2019 წლის აპრილში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG